23/09/2024
10:49
სამართალი
სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე გუშინ დაკრძალეს. ორი დღის წინ კი მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობილია ისიც, რომ ჯაიანმა აბრამიძე წინასწარი განზრახვით მოკლა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ მან იარაღი, დანა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა. სწორედ ცივი იარაღით მიაყენა მან ყოფილ შეყვარებულ 28 ჭრილობა.
“კურიერი PS”-ის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა აფთიაქში მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად ეს მედიკამენტები ჯაიანს პოლიციამ ვერ უპოვა.
რა მოხდა მკვლელობის შემდეგ?
მას შემდეგ, რაც ბექა ჯაიანმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ნათესავის სახლში სისხლიანი მაისური გამოიცვალა და გარეცხა. ტაქსით დიდუბეში გავიდა, იქიდან სარაჯიშვილის მეტროსთან. შემდეგ ტაქსი გააჩერა და 100 დოლარად წაყვანა სთხოვა სამეგრელოში. მანამდე აფთიაქში შევიდა და წამლები შეიძინა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზნით.
“ბრალდებული განმარტავს, რომ აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები, რომელიც სურდა თვითმკვლელობისთვის გამოეყენებინა, თუმცა ჩხრეკის შემდეგ ეს ნივთიერი მტკიცებულება არ არის ამოღებული. ის ცდილობდა დაეტოვებინა თბილისი და შემდგომ საქართველო. ჯაიანი ინტერესდებოდა აფხაზეთში გადასვლით” – ამბობს საქმის პროკურორი.
ბექა ჯაიანი სამტრედიაში დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში დანაშაული აღიარა. ჩვენებაში ამბობს, რომ ეჭვიანობდა ყოფილ შეყვარებულზე, ასევე აღნიშნა, რომ კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია.
ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0