21/07/2022
11:46
მსოფლიო
თურქეთის სამიზნეს არასდროს წარმოადგენენ მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ მხოლოდ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტული ორგანიზაცია, – სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოლღუმ განაცხადა.
ჩავუშოღლუ გამოეხმაურა ერაყის ხელისუფლების განცხადებას, რომლის თანახმადაც, თურქეთის იერიშს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რვა მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.
„ჩვენს მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენ არანაირი თავდასხმა მშვიდობიან მცხოვრებლებზე არ განგვიხორციელებია“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოლღლუმ.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ერაყის მთავრობას მოუწოდა, დაბომბვასთან დაკავშირებით არ გააკეთოს განცხადებები „ტერორისტული ორგანიზაციის რიტორიკისა და პროპაგანდის გავლენის ქვეშ“.
„ჩვენ ვიწვევთ ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ, რათა ამ ტრაგიკულ ინციდენტში ნამდვილი დამნაშავეები გამოვლინდნენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
20 ივლისს სააგენტო „როიტერმა“ ერაყის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის ქურთისტანის რეგიონში დაჰუკის პროვინციაზე თურქეთის იერიშს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. მედიასაშუალების ცნობით, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ერაყის ქურთისტანის რეგიონისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე საკურორტო ქალაქ ზახოს. ერაყის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა გარდაცვლილი ტურისტი იყო.
0
0