26/10/2024
12:01
არჩევნები 2024
გორის ოლქში, 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10% მივიდა.
გორის #32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში საჩივარი ჯერჯერობით არ შესულა.
ლევან ისაკაძის ინფორმაციით, 95 უბნიდან, 68 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, ხოლო 27 უბანზე ტრადიციულად ხდება ხმის მიცემა.
„10:00 საათის მონაცემებით, გორის ოლქში, 110 219 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე მოვიდა 10 868 ამომრჩეველი, ეს არის დაახლოებით 10%, საკმაოდ მაღალი აქტივობაა. 68 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, ხოლო 27 უბანზე ტრადიციულად ხდება ხმის მიცემა. ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი.
რაც შეეხება დარღვევებს, ჩვენ დილიდან დავდივართ, თითქმის ყველა უბანზე ვიმყოფებოდით უკვე და შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად იმ ოთახში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, არცერთგან არ დაფიქსირებულა საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ აგიტაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება გარე სივრცეს, თუ გარეთ სადმე მიმდინარეობს აგიტაცია, აღნიშნული ტერიტორია ჩვენი კონტროლის ფარგლებში არ გახლავთ და შესაბამისად, საჩივარი ჩვენთან არც აღნიშნულზე შემოსულა. კიდევ ერთხელ გეტყვით დაბეჯითებით - უშუალოდ კენჭისყრის ოთახში, ყველგან სიმშვიდეა და პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ამ დროისთვის, დარღვევებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არცერთი საჩივარი არ შემოსულა.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, დღევანდელ არჩევნებზე საკმაოდ სიმრავლით გამოირჩევიან როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩართულები არიან როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში, ასევე საუბნო-საარჩევნო კომისიებში“, - განაცხადა ლევან ისაკაძემ.
0
0