06/11/2024
14:47
პოლიტიკა
გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს - ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური! თუ მივატოვეთ ეს ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ მიატოვე შენი მეუღლე, შვილი, მიატოვე შენი ოჯახი, შენი კარ-მიდამო, ეზო, ამის მერე არაფერი არსებობს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები!
„მოქალაქეებს არჩევანის უფლება წაართვეს რუსული სპეცოპერაციით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაამისამართონ ჩრდილოეთში და გადაამისამართონ იქ, საიდანაც, სულ რაღაც 33 წლის წინ, ქართველი ხალხის, ეროვნული მოძრაობის, ბევრი სიცოცხლის, ენერგიის ფასად გამოვედით. გამოვედით და დღეს კანონებით, არჩევნებით, სპეცოპერაციებით, მეხუთე კოლონით, მოსყიდული ადამიანებით, მოსყიდული ჩინოვნიკებითა და კორუმპირებული შემოგარენით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, უნდათ, რომ, თითქოს, მშვიდობიანად ევროპაში კი არა, რუსეთში დაგვაბრუნოს. ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ ემეგობრება. ყველა ნორმალური ქვეყანა, რომელმაც დაინახა თუ რა მოხდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველამ შეიკავა თავი ჩვენთან ურთიერთობაზე. ეს ნიშნავს იზოლაციას ცივილური სამყაროსგან; ეს ნიშნავს ჩვენი საუკუნოვანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მეგობრების მხარდაჭერის შეჩერებას, რასაც ამათ ნაწილობრივ მიაღწიეს და ეს ნიშნავს საბოლოოდ ისეთი მმართველობის ჩამოყალიბებას, სადაც რამდენიმე არჩევანი იქნება: პროგრესული ხალხი დატოვებს ქვეყანას, როგორც უკვე დატოვეს; ზოგი დანებდება; ზოგს დაიჭერენ და ზოგი იტყვის, რომ ვერ დატოვებს ქვეყანას და ისევ ამათ მოემსახურება. ეს არის მომავალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის დაწერა.
ჩვენს საზოგადოებაში ნათელი წერტილები გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ასეთი ბევრია. პირველი ნაბიჯის გადადგმა სამწუხაროდ, ბევრს ეშინია და ვისაც არ ეშინია დგას აქ, ვისაც არ ეშინია იყო გუშინ, ვლადიმერ ხუჭუა. ვისაც არ ეშინია, არიან ის ახალგაზრდები, ვინც გუშინ, გუშინწინ და თვეების განმავლობაში ქუჩაში დგანან. იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ესმით მათ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ნამცხვრის ჭამა, თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური ბრძოლა.
ჩვენ არ ვართ იმ რეგიონში, რომ გარშემორტყმული ვიყოთ ისეთი სამეზობლოთი რომლებიც დემოკრატიას, თავისუფლებასა და ჩვენს უფლებებს გაამყარებენ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს - ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური.
ჩვენ ყველა იმ უბანზე, სადაც იქნება ასეთი პრეცედენტი, ვიქნებით. ჩვენ დაველოდებით, რას გადაწყვეტს ეს სასამართლო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ძალას, თავისუფლებისთვის ბრძოლას ვერაფერი მოერევა. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ, რომ ამ ბროლაში ერთმანეთს არ მივატოვებთ. თუ მივატოვეთ ეს ბრძოლა, ეს ნიშნავს რომ მიატოვე შენი მეუღლე, შვილი, მიატოვე შენი ოჯახი, შენი კარ-მიდამო, ეზო, ამის მერე არაფერი არსებობს. ამიტომ ჩვენ ვართ ერთად, ეს ბრძოლა გაგრძელდება!
არ არსებობს ახლა პარტიული ზღვარი, არ არსებობს ვინ ვინ არის, არსებობს ერთი, რამ სამშობლო იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი და აღმავლობაზე დამდგარი, ჩვენი ჩართულობით და მოქალაქეების ჩართულობით ან იქნება განწირული იმისთვის, რომ ამ რუსმა ჩინოვნიკმა გადაწყვიტოს როგორ ვიცხოვროთ ჩვენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება!
თბილისმა გადაწყვიტა, რომ ეს მთავრობა მათ არ სჭირდებათ, მაგრამ მარნეულმა, ბოლნისმა, გადაწყვიტა, რომ მათ ეს მთავრობა სჭირდებათ. ეს ნიშნავს, იმას, თუ როგორ აცხოვრებენ რეგიონში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ თბილისი უნდა გამოფხიზლდეს, გამოვიდეს და ამ სიყალბეს პასუხი გასცეს! ჩვენ ამ არჩევნებს არ შევეგუებით! საქართველოში აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0