12/11/2024
10:30
პოლიტიკა
მე ვიცი, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ცოტათი შეწუხებულად გრძნობს თავს - თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, წესები უნდა დაიცვა, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ყურადღებით წავიკითხავთ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს, ცხადია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო და არ ყოფილა არც სამართლიანი, არც თავისუფალი.
„აქ არ არის მნიშვნელოვანი ჩემი პირადი აზრის თქმა. ჩემი შეფასება ეფუძნება დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს. ასე რომ, თუ ყურადღებით წაიკითხავთ ყველა ამ ანგარიშს, ცხადია, რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო, არ ყოფილა არც სამართლიანი და არც თავისუფალი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კი დემოკრატიის საერთო საფუძველია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს. ამიტომ არის ეს არჩევნები ასე მნიშვნელოვანი. მე ვიცი, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი აქ, საქართველოში, ცოტათი შეწუხებულად გრძნობს თავს. თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, წესები უნდა დაიცვა. ჩვენ ყველანი ერთ ოჯახს ვეკუთვნით და ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის გვაინტერესებს სხვა ქვეყნების პოლიტიკური მოვლენები, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ისეთი ქვეყნების, როგორიც საქართველოა კანდიდატის სტატუსით, რომელსაც სურს შემოგვიერთდეს რაც შეიძლება მალე. ამიტომ არა მხოლოდ ჩემი ქვეყანა, ევროკავშირი, გამოხატავს ძალიან მკაფიო მოლოდინებს. მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას სურს და შეუძლია ამ მოლოდინების დაკმაყოფილება,“ - განაცხადა როთმა.
გერმანელი პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, თუ სურს ნდობის აღდგენა, არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ბრალდებები უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის საერთაშორისო და ევროპული რეპუტაციისთვის. თუ ხელისუფლებას, თუ მმართველ პარტიას სურს ნდობის აღდგენა, მოვუწოდებ დამოუკიდებელი გამოძიებისკენ. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მთელი ხალხი გავაერთიანოთ. საზოგადოება გაყოფილია. საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი, თუ საქმე არჩევნების შედეგს ეხება. ეს უნდა იყოს ახალი ნდობისა საწყისი წერტილი ინსტიტუტების, ყველა მხარის მიმართ, რომ არსებობს დამოუკიდებელი გამოძიება. ამიტომ ეს მოთხოვნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ევროკავშირისთვის და წევრი ქვეყნებისთვის,“ - აცხადებს ევროპელი პარლამენტარი.
მიხაილ როთი „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია და მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის.
„ძალიან გამიკვირდა, როცა ხელისუფლებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები წავიკითხე. თითქოს, ყველაფერი რიგზეა. ევროკავშირს სურს და შეუძლია გახსნას თავისი კარი საქართველოსთვის. უბრალოდ წაიკითხოთ ტექსტი. ტექსტში ყველაფერი ნათელია. მესიჯი კრისტალურად ნათელია. გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არის. ისევ და ისევ, ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა შეუთავსებელია წევრობასთან. ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რომ ვუთხრათ ხალხს, თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, შეცვალეთ ქვეყანა, დააბრუნეთ ეს ქვეყანა გზაზე. ამის გარეშე, ჩვენ მოვუწოდებთ [ევროკავშირს] ინდივიდუალური სანქციებისკენ, მოვუწოდებთ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, შეწყდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და თუ ფიქრობთ, რომ ეს გიჟი, მიხაელ როთი შორს არის ევროპული რეალობისგან, ვპირდებით მმართველი პარტიას, ეს მთავრობა, ვერასოდეს დაარწმუნებს ჩვენს წევრ ქვეყნებს, რომ დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. ეს არ იმუშავებს,“ - აღნიშნავს ის.
როთის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი იყო, ახლა კი საქმეები სწორი მიმართულებით არ იცვლება.
„ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსს. ეს არის ყველაზე დიდი საზრუნავი და ჩვენი გზავნილი აქ ძალიან ნათელია. თუ ისინი ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თანხმობას ჰპირდებიან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი გზა არ არის. ან დაიწყებთ ფუნდამენტურ ცვლილებას. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო. საქართველო იყო ერთ-ერთი პიონერი აღმოსავლეთ ევროპაში, ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი, ახლა კი საქმეები აქ, ამ ქვეყანაში არ იცვლება სწორი მიმართულებით, - განაცხადა როთმა.
0
0