19/11/2024
22:52
პოლიტიკა
ნებისმიერი დაშლილი აქცია გამოიწვევს გამრავლებას. ორზე გამრავლდება, სამზე, თუ ოთხზე, ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ჰყავხართ საქართველოს, - ამ სიტყვებით მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
მელიას თქმით, თუკი, აქციაზე ბევრი ადამიანი მივა, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს.
„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, განსაკუთრებით, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მიყვარხართ, ვინაიდან, ჩვენ მიზანმა გაგვაერთიანა, ჩვენი მზიანი საქართველოა. ჩვენი მიზანია ის საქართველო, სადაც თავისუფლება ფასდება და არა ის, სადაც მონური მორჩილება ფასდება და პირიქით, თავისუფლება დასჯადია. ის საქართველოა ჩვენი მზიანი, სადაც ლაღი, შემდგარი, განათლებული, რეალიზებული ადამიანების საქართველოა და არა ის საქართველო, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩა, ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია.
ბევრჯერ დადასტურებულა, სხვა ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების და მის წინა ხელისუფლების პირობებშიც, თბილისი გამოდის და ძალიან მტკივნეულად, ძალიან ემოციურად და ძალიან სამართლიანად რეაგირებს, როცა ფიზიკურად ძალადობს პოლიცია, ან პოლიციის მაგვარი ადამიანები, ან უბრალოდ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ხალხი. როცა თქვენ დაინახეთ, რომ ბავშვებზე, დედებზე, ქალებზე ისინი რაოდენობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფები ძალადობდნენ დილის 7:00 საათზე, რამდენი დედა, მამა, ბებია და ბაბუა გამოხვედით დღეს აქ, ჭავჭავაძის გამზირზე, ასე იქნება მომავალშიც გამარჯვება მოპოვებული! ეს იყო "მინი" პროექტი, რომელიც თვალნათლივ დავინახეთ ყველამ, რომ თუ ძალიან, ძალიან, ბევრი ვიქნებით, რაზეც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, ხელისუფლება მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩიდან კი არ დაიხევს უკან, უკან დაიხევს ხელისუფლებიდან, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ქუჩაში, რადგან ჩვენ არ ვართ სპეცრაზმელები, გაწვრთნილი ხალხი, რომლებიც ყაზარმაში ცხოვრობენ, ავარჯიშებენ, რომ მოქალაქეებს გაუსწორდნენ, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლების წყურვილით ვართ ანთებული“, - განაცხადა მელიამ.
0
0