09/10/2024
12:16
მსოფლიო
ვოტერგეიტის ვეტერანი რეპორტიორის, ბობ ვუდვორდის ახალ წიგნში ნათქვამია, რომ პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს [პირადი სარგებლობისთვის] Covid-19-ის ტესტები [Abbott Point of Care] ფარულად გაუგზავნა იმ დროს, როცა ამერიკაში მათი დეფიციტი იყო შექმნილი. ვუდვორდის წიგნის თანახმად, აშშ-ის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი Covid-19-ით იყო დაავადებული.
როგორც ვუდვორდი წერს, „პუტინმა ტრამპს სთხოვა, რომ არ გაესაჯაროვებინა, რომ მან Covid-19-ის ტესტები გაუგზავნა, რადგან ეს ტრამპის რეპუტაციას შელახავდა. „არ მინდა, ვინმეს უთხრა ამის შესახებ, რადგან ხალხი შენზე გაბრაზდება და არა ჩემზე“, - უთხრა პუტინმა ტრამპს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა უპასუხა: „არ მაინტერესებს. ნახვამდის!.”
წიგნში, სახელწოდებით "ომი" [War], ასევე აშშ-ის მედიაზე დაყრდნობით, მიმოხილულია, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგაც, ტრამპი ფარულად აგრძელებდა კავშირს პუტინთან. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა სტივენ ჩუნგმა BBC-ს განუცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია „მოგონილი ამბავია“ და სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვუდვორდი ჭკუასუსტი და არანორმალურია. ის გაბრაზებული პატარა კაცია და აშკარად ნაწყენია, რადგან ტრამპი მას ადრე გაკეთებული ჩანაწერების უნებართვოდ გამოქვეყნების გამო უჩივის და სიმართლეც მის მხარესაა,“ - თქვა ჩუნგმა.
ახალ წიგნში, რომელიც მომავალ კვირას გამოვა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და პუტინს შორის მუდმივი კომუნიკაცია დაკავშირებულია ტრამპის თანაშემწესთან, რომელიც წიგნში არ არის დასახელებული. New York Times-ის თანახმად, წიგნში აღწერილია სცენა, როდესაც ტრამპის თანაშემწეს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის კაბინეტიდან გასვლა უბრძანეს, რათა ყოფილ პრეზიდენტს პუტინთან დაერეკა. გავრცელებული ინფორმაციით, თანაშემწემ თქვა, რომ „ტრამპმა და პუტინმა 2021 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოვალური ოფისი დატოვა, 7-ჯერ მაინც ისაუბრეს.“
კრემლმა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატსა და რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია არ დაადასტურა. წიგნში არ არის ნათქვამი, რა განიხილა ორმა ლიდერმა, თუმცა მასში მოყვანილია ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლის ციტატა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სავარაუდო კონტაქტს. როგორც The Times-ი იუწყება, ვუდვორდი წერს, რომ ის ვერ ადასტურებს ტრამპის თანაშემწის განცხადებას და არც სხვა წყაროებში ირკვევა, რომ 2021 წლის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის კომუნიკაცია არსებობდა.
ვუდვორდი ასევე წერს, თუ როგორ ვერ შეძლო ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში ომის თავიდან აცილება და როგორ დაეძაბა ურთიერთობა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობისას.
წიგნში მიმოხილულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გულწრფელი შეფასებები საკუთარი შეცდომების შესახებ, მათ შორის მერიკ გარლანდის გენერალურ პროკურორად დანიშვნაზე მიღებული გადაწყვეტილება.
ვუდვორდის ახალი წიგნი "ომი" 15 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024