30/01/2025
23:23
მსოფლიო
ტრამპი გრენლანდიის შეძენის საკითხს სერიოზულად განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიოს თქმით, გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებები „ხუმრობა არ არის“.
„საქმე არ ეხება მიწის შეძენას უბრალოდ მიწის შეძენისთვის. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების სფეროა და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ამის გაკეთებას, კერძოდ – მის შეძენას“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, რამდენად მოახერხებს თუ არა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას, რაზეც რუბიომ აღნიშნა:
„ცხადია, ეს პრეზიდენტის პრიორიტეტია, რომელმაც საკითხი მნიშვნელოვანი გახადა. ვფიქრობ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი ინტერესები არქტიკაში უფრო უკეთ იქნება დაცული“.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, გრენლანდია მის მოსახლეობას ეკუთვნის. ასევე განცხადება გააკეთა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის.
0
0