15/06/2024
11:03
კულტურა
15-16 ივნისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, "საქართველოს დღეები იაპონიაში" პირველად იმართება.
იოიოგის პარკში, ორი დღის განმავლობაში, ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ საქართველოს. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა. საგულისხმოა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
ღონისძიებაზე დაგეგმილ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ექნებათ.
ამასთან, 14 ივნისს იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიღება, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები და საპატიო სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ბასიანის" მიერ საქართველოსა და იაპონიის ჰიმნები გაჟღერდება, სტუმრები მოუსმენენ საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ბასიანს" და იხილავენ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საცეკვაო ნომრებს.
15 ივნისს გაიმართება იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - "იაპონელები" და "საფირონები" - ასევე ფოლკლორული ანსამბლის "ამფორა" კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდიის "მელიტა დანს სტუდიო" პერფორმანსი.
გაიმართება ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები: მკლავჭიდი, კარატე, ხრიდოლი. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს დადგმებს - "შენ ხარ ვენახი", "ვეფხისტყაოსანი" და სხვა; საღამო გაგრძელდება ქართული მრავალხმიანი სიმღერით, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "ბასიანი" და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტებით.
16 ივნისს კვლავ მოეწყობა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - "იაპონელები" და "საფირონები" - კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდიის "მელიტა დანს სტუდიო" პერფორმანსი. გაიმართება ქართველი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.) და მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები: მკლავჭიდი, კარატე, ხრიდოლი. ასევე, გაიმართება იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტი. კულტურის დღეები დასრულდება ეთნოჯაზბენდის "ირიაო" და ნეკა სებისკვერაძის კონცერტით.
"მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და სპორტის მიმართულებით კავშირების უფრო მეტად გამყარებას, მდიდარი ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების წარდგენას იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის", - აცხადებენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.
0
0