16/08/2023
16:12
კულტურა
„The Killers-მა ქართველ მაყურებელს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც ვოკალისტმა ბრენდონ ფლაუერსმა კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე რუსი თაყვანისმცემელი აიყვანა და გულშემატკივრებს მიმართა, რომ რუსები მათი „დები და ძმები“ არიან - როგორც ცნობილია, საქართველო ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაზე 2008 წელს რუსეთი შეიჭრა,“ - წერს The Guardian-ი.
გამოცემის ცნობით, 15 აგვისტოს გამართული კონცერტის დასასრულს ჯგუფმა სცენაზე რუსი დრამერი მიიწვია, რათა მათთან ერთად კომპოზიცია „For Reasons Unknown“ შეესრულებინა.
"ეს ბიჭი რუსია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყნის [საქართველოს] ეტიკეტის შესახებ", - მიმართა ფლაუერსმა კონცერტზე შეკრებილებს, რომლებმაც შეძახილით უპასუხეს:
„თქვენთვის სასიამოვნოა, რომ რუსი აქ მოდის?"
სიმღერის შესრულების შემდეგ, ფლაუერსმა ინციდენტთან დაკავშირებით კონცერტზე დამსწრეებს მიმართა:
„ვერ ხვდებით ვინმე თქვენი ძმაა თუ არა? ის [რუსი დრამერი] თქვენი ძმა არ არის? ან მე თქვენი ამერიკელი ძმა არ ვარ? ჩვენ აქ ერთად ვართ! არ მინდა, რომ ეს ინციდენტი დამახინჯებულად აღიქვათ, მე თქვენ აღგიქვამთ, როგორც ჩემს ძმებს და დებს."
გავრცელებული ინფორმაციით, Black Sea Arena ბევრმა ადამიანმა დატოვა პროტესტის ნიშნად, თუმცა საკონცერტო მონაცემთა ბაზის Setlist.fm-ის მიხედვით, The Killers-მა კონცერტი ბოლომდე შეასრულა.
„რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20%. 2022 წლიდან და რუსეთ-უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, არ წყდება რუსების შემოდინება საქართველოში, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ზოგიერთ რუსს პრობლემა შეექმნა - ქვეყნის შიგნით საპასუხო რეაქცია მოჰყვა ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემების შემოსვლას,“- წერს გამოცემა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მოგვიანებით, ჯგუფმა განცხადება გაავრცელა:
„კეთილო ქართველებო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ სცენაზე დრამერების მოწვევის დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს და კონცერტზე დამსწრეთა თავდაპირველი რეაქცია ჩანდა, რომ ისინი დადებითად იყვნენ განწყობილნი დრამერის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ფლაუერსის კომენტარებში ის იგულისხმება, რომ The Killers-ის აუდიტორია და ყველა თაყვანისმცემელი მისი ძმები და დები არიან, მაგრამ ჩვენ უკვე ისიც გვესმის, რომ ეს ფრაზა შეიძლებოდა არასწორად ყოფილიყო გაგებული. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე ისევ დავბრუნდებით!“
0
0