27/12/2023
19:44
კონფლიქტები
აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებმა განცხადება გამოაქვეყნეს ოკუპირებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ „დეპუტატებმა“ „სასწრაფოდ გამართეს რიგგარეშე სხდომა, რის შედეგადაც აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგეს“.
„დეპუტატებმა საზოგადოებას არ მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებული ახალი კოორდინატების შესახებ. ადრე დადგენილი კოორდინატების მიხედვით, ეს ტერიტორია 343 ჰექტარია, აქედან 180 ჰექტარი ზღვის წყლებია, 155 ჰექტარი ბიჭვინთა-მუსერსკის ნაკრძალის ტერიტორიაა, 8 ჰა კი ქალაქ ბიჭვინთას საცხოვრებელი ფართი. ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი გასხვისდა, რის შედეგადაც აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა ქვეყნის წყლის საზღვრების ნაწილზე, უნიკალურ რელიქტურ ნაკრძალზე, აფხაზეთის ერთ-ერთ უძვირფასეს ბუნებრივ ზონაზე და ერთადერთ ზღვაზე - ყურეზე გემებისთვის მოსახერხებელი სიღრმით და შესანიშნავი სანავიგაციო პირობებით. დეპუტატებმა არ ჩათვალეს საჭიროდ აეხსნათ პარლამენტთან შეკრებილ აფხაზეთის საზოგადოებისთვის გადაუდებელი სხდომის საჭიროება და თავიანთი ქმედებებით აჩვენეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში მისაღებია აბსოლუტური სამართლებრივი ქაოსი. დეპუტატებმა უგულებელყვეს საზოგადოებრივი აზრი, ექსპერტების დასკვნები და რეკომენდაციები და ამჯობინეს მხარი დაეჭირათ ანტიკონსტიტუციური და ანტიხალხური შეთანხმებისთვის. შედეგად, გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევა არა ომში, არამედ მშვიდობიან პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0