12/12/2023
13:58
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ანას ქიშმარიამ განცხადება გაავრცელა გალის რაიონში მცხოვრები თემურ კარბაის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც, ქართული წყაროების ცნობით, პოლიციელების მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიშმარიამ მიმართა ე.წ. გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გალის რაიონის პროკურორს და რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს, „მოთხოვნით, უმოკლეს ვადებში გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია და შედეგები წარედგინათ ომბუდსმენის ოფისისთვის.”
„ომბუდსმენი ასევე ამახვილებს ყურადღებას დაკავებულების მიმართ არაპროპორციული ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების დაუშვებლობაზე და ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს, პატივი სცენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაის გარდაცვალების შესახებ „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ ლიდერმა ნუკრი ნოდიამ და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადეს. გარდაცვლილის ახლობელმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ პოლიციამ კარბაის მრავლობითი დაზიანებები - სისხლჩაქცევები და მოტეხილობები მიაყენა.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის „მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას“. განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს დილით გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ის „გაუარესებული ჯანმრთელობის გამო“ მივიდა.
0
0