30/12/2021
13:12
პოლიტიკა
,,ეს ის მოსამართლეა, ზურაბ ზვიადაური რომ გირაოთი გამოუშვა სწორედ იმ დღეს, როდესაც აქ დაძაბულობა იყო, ასევე 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი გირაოთი გამოუშვა, მაშინ, როცა აღმკვეთ ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა'' - ამის შესახებ POSTV -ის გადაცემაში „სამნი & Co” შალვა რამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არგუმენტი არ არის ის, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია. თემა სენსიტიურია, დაზარალებული 8 წლის ბაშვია, სოფელია და ეს არეულობის პირდაპირი წყაროა, საბოტაჟი. რამიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ აპელაციამ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. შალვა რამიშვილის თქმით, მამუკა წიკლაური, რომელიც ადეიშვილის პროკურატურის დროინდელი პროკურორის მამუკა გვარამიას უახლოესი ნათესავია, ნაცმოძრაობის დავალებებს ასრულებს და მათი საქმის უბადლო შემსრულებელია. მაგალითისთვის მან მოიყვანა მამუკა წიკლაურის მიერ 2014 წლის მარტში ნაცმოძრაობის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე 17 მარტს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის გირაოთი გაშვება.
„ჩვენ არ ვერევით სასამართლო საქმეების განხილვაში, მეც გამომივლია ჩემს თავზე და ვიცი, რომ სასამართლო ფაქიზი საკითხია და როგორც პოლიტიკოსებს, ისე ტელეწამყვანებსაც არ აქვთ სასამართლოში ჩარევის უფლება, მაგრამ ეს კაცი არის მესაბოტაჟე, არსებობს უამრავი ბერკეტი, მათ შორის დისიპლინარული კომისია. ერთხელ და ორჯერ ვთქვით, შეიძლება ჩვენ კამპანიაც დავიწყოთ, რადგან მოდიან ეს ადამიანები და ჩივიან ჩვენთან, ჩვენს ახლობლებთან და აშკარაა ეს ყველაფერი. დროზე მიხედეთ, თორემ ჩვენ მივხედავთ. არ მინდა მუქარად აღიქვათ“ - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
როგორც გადაცემაში ითქვა, მამუკა წიკლაური ის მოსამართლეა, რომელიც სპეციალურად შლის სხდომებს, არ ცხადდება და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში შვებულებაში გადის. გადაცემის ერთერთი წამყვანის გური სულთანიშვილის თქმით, მოსამართლე მამუკა წიკლაურის თითქმის ყველა გადაწყვეტილება და საქციელი არის დივერსული აქტი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ხალხში ემოცია გამოიწვიოს და შექმნას განწყობა, რომ აი, რას აკეთებს სახელმწიფო, მთავრობა, რა უმსგავსობა ხდება და ხალხი მთავრობაზე გაბრაზდეს. მისივე თქმით, სააკაშვილის პერიოდში გატარებული რეფორმები, რომლითაც ამაყობენ, სინამდვილეში კანონის სრული დარღვევით გატარდა. აქვე შალვა რამიშვილმა გაიხსენა უზენაესი სასამართოს მოსამართლე კუბლაშვილი, რომლის დროსაც მოსამართლეები და ნაცმოძრაობის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მისი თქმით, ვიდრე კუბლაშვილს ვადა არ ამოეწურა, სასამართლოში ძალიან რთულად იყო საქმე, აშკარად ნაცმოძრაობის მხარეს იყვნენ და “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ სააკაშვილივით არ მოიქცა და ყველა არ გაყარა.
0
0