26/10/2024
15:27
არჩევნები 2024
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათმა ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის კადრები გადაიღო, რასაც "ოცნების დაჯგუფების" აგრესია მოჰყვა.
TV პირველის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და სრულად დამტვრეულია ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა.
"გვქონდა ინფორმაცია, რომ ადგილზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ სპეციალური სიები. ეს არის კანონდარღვევა. ავტომობილებში იყვნენ ეს ადამიანები, ჰქონდათ სიები და ნიშნავდნენ ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას.
სწორედ ამის შემდეგ, როცა მოვედით და სიების გადაღება დავიწყეთ, ეს ადამიანები გაღიზიანდნენ, რადგან თან ხდებოდა ფულის დარიგება. ეს ყველაფერი პირველების კამერამ გადაიღო, თუმცა, როდესაც მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ეს კადრები იყო უკვე ტვ პირველის ხელში, გადმოვიდნენ განსაკუთრებულ ანგარიშსწორებაზე, ჩემს ოპერატორს დაუმტვრიეს აპარატურა, ტვ პირველის კამერა სრულად არის განადგურებული, ასევე სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა უცნობმა მამაკაცმა ჩვენს ოპერატორს. გვითხრეს, რომ არ გვქონდა ადგილზე ყოფნის უფლება და არ უნდა გადაგვეღო.
სინამდვილეში, კანონდარღვევა არის ეს ადამიანები არიან საარჩევნო უბანთან, აქვთ სიები, არიგებენ ფულს და სწორედ ამან გამოიყვანა ეს ადამიანები წყობიდან, რომ ჩვენ ამის გადაღება მოვახერხეთ. ადგილზე ახლა არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც". - თქვა ტვ პირველის ჟურნალისტმა.
0
0