26/06/2024
16:19
კულტურა
კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, ალავერდის ეპარქიაში ჩავიდა და სტიქიის შედეგად დაზიანებული სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.
როგორც მინისტრმა რადიო „სივრცეს“ განუცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პრობლემების ფოტო-ვიდეო ფიქსაცია, რათა ადგილზე დადგინდეს დაზიანების ხარისხი.
„ადგილზე გავეცანით მდგომარეობას. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ძეგლი არის დაზიანებული. არა მხოლოდ ტაძარი, ასევე სამრეკლო და საეპისკოპოსო სახლი და სხვა შენობა ნაგებობები, რომლებიც არის კომპლექსის ნაწილი. დღეს ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ვითარების გაცნობა და პრობლემების ვიდეო-ფოტო ფიქსაცია. პირველი და ყველაზე სასწრაფო ნაბიჯი, რაც გადაიდგმება, არის გუმბათის ყელის გარშემო ხარაჩოს მოწყობა, რათა სპეციალისტებმა გუმბათი ახლოდან დაათვალიერონ, ზუსტად დადგინდეს პრობლემები, რადგან, ჩვენ ვხედავთ, რომ თუნუქი მოხსნილია და წყლის ჩასვლის საფრთხე არსებობს. შემდეგ უკვე დაიგეგმება უმოკლეს ვადებში ფიზიკური სამუშაოები, რათა აღდგეს გუმბათი და ძეგლი იყოს დაცული. ასევე, სტიქიამ დააზიანა ძეგლის მკლავები, დაზიანებულია კრამიტის საფარი. ჩვენ ვიმუშავებთ უმოკლეს ვადებში, რომ დროულად მოხდეს ძეგლის აღდგენითი სამუშაოების წარმოება. კულტურის სამინისტრო, როგორც სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც, ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან შეთანხმებისა და თანამშრომლობის პირობებში განახორციელებს სამუშაოებს, მითუმეტეს, ამ ეპარქიის ხელმძღვანელი თავად არის უშუალოდ ამ დარგის სპეციალისტი, არქიტექტორი და ხუროთმოძღვარი, მასთან ერთად განხორციელდება ყველა აუცილებელი ღონისძიება“ - განუცხადა წულუკიანმა რადიო „სივრცეს“.
როგორც ცნობილია, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია.
ძლიერმა ქარბორბალამ მნიშვნელოვნად დააზიანა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია: სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
0
0