08/04/2024
11:12
ეკონომიკა
გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტურიზმის სფეროში ძალიან დადებითი დინამიკა აქვს და ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა მოსალოდნელია მომავალში, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.
„განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე კი გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. ახლის მშენებლობა გვაძლევს მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივის. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება სწორედ ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელიწადში ქვეყანას, თბილისს ექნება სრულიად ახალი ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. მას ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად საშუალოდ დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის მომზადებისთვის.
0
0