31/01/2023
11:55
ეკონომიკა
თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნება, პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა $12.5 მილიონია.
31 იანვარს, 17:00 ზე, თბილისში, საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari (მის.: ლაგოდეხის ქ. #4) გაიხსნება. პროექტი, რომლის პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ დოლარს შეადგენს ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა.
ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი, ქალაქ თბილისის ვიცე მერი - ანდრია ბასილაია, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალიკ მურზალინი, ასევე თბილისის მერიის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რაც სტუმრების მაქსიმალური რაოდენობის, 250--მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული. არსებული ნომრები მორგებული იქნება, როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე.
სასტუმროში განთავსებულია მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე 100 ადამიანამდე გათვლილი ღონისძიებებისთვის.
სასტუმროში 50-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, რათა სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის სრულიად უსაფრთხო სივრცე შეიქმნას.
Holiday Inn Express საერთაშორისო კომპანია InterContinental Hotels Group (IHG)-ის ერთ-ერთი ბრენდია. საქართველოში მის მართვას კი Hotel Collection International (HCI) განახორციელებს. „გვჯერა, რომ მოგზაურობა მარტივი და სასიამოვნო უნდა იყოს. ამიტომაც, სასტუმროში Holiday Inn Express Tbilisi Avlabari წინასწარ კარგად ნაფიქრი გადაწყვეტებით სტუმრებს ვთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. სასტუმრო ტურისტებისთვის მიმზიდველ, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბრის ცენტრშია. იქ, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას“. - Hotel Collection International-ის რეგიონული დირექტორი - ქეთი მიქაშავიძე.
„სიმეტრიას“ მიერ Holiday Inn Express Tbilisi Avlabari-ის განვითარებით შეიქმნა სივრცე, სადაც სტუმრებს შეეძლებათ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მიიღონ მარტივი, კომფორტული მომსახურება შედარებით ბიუჯეტურად. ვთვლით, რომ ეს სასტუმრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისათვის, რადგან ჩვენს ქალაქში საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები ძირითადად პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი. საშუალო სეგმენტი კი მეტ-ნაკლებად აუთვისებელი იყო. ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სრულიად უცხოეთიდან, ყაზახეთიდან მოზიდული პირდაპირი ინვესტიციებით არის განხორციელებული, რაც თავის მხრივ მაგალითის მიმცემი იქნება სხვა უცხოელი ინვესტორებისათვის. „სიმეტრიაში“ გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას დაამშვენებს, ტურიზმის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ყველასათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება ,“ - განმარტავს კომპანია „სიმეტრიას“ დირექტორი ტარიელ გაბუნია.
კომპანია „სიმეტრიას" შესახებ:
„სიმეტრია“ არის ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შევქმნათ ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს. დღეისათვის „სიმეტრიას“ პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია. მაგალითად: Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში. სამომავლო გეგმები მოიცავს: ორ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, სასტუმროებს სამთო კურორტებზე. კომპანიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე ამოცანაა რაჭის ისტორიული კურორტის, შოვის, რეაბილიტაცია და განვითარება.
0
0