22/03/2024
18:59
ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და UAE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში აჰმედ ბინ ალი ალ საეგი დაესწრნენ.
პროექტს ქართველ პარტნიორ შპს "თბილისი დრაი პორტთან" ერთად უმსხვილესი არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება.
კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ.
ცნობისთვის, თბილისის მშრალი პორტის პროექტზე bm.ge ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.
როგორც მაშინ bm.ge-მ გაარკვია, კომპანია „თბილისი დრაი პორტი“ ლოგისტიკურ პროექტში 27 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილისი დრაი პორტს“ 2021 წელს გადაეცა თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. საუბარია ქინძმარაულისა და რქაწითელის ქუჩებზე მდებარე 11 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე.
ცნობისთვის: შპს „თბილისი დრაი პორტი“ დაფუძნებულია 2021 წლის 17 სექტემბერს. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიის კაპიტალი 10 მლნ ლარია. კომპანიის 45%-იანი წილის მფლობელია შპს „თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტი", 55%-იანი წილს კი შპს "ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია" ფლობს. თავის მხრივ "თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტის" მფლობელი კომპანიაა შპს "ინვეკო", რომლის 100%-იან წილსაც ჯემალ ინაიშვილი ფლობს. შპს "ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიას" 50%-იან წილსაც "ინვეკო" ფლობს, ხოლო დანარჩენი 50% - ნორვეგიულ "ვილჰელმსენ
პორტ სერვისის ეი.ეს"-ის მფლობელობაშია.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024