13/11/2023
23:44
კულტურა
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახა ლაბუჩიძესთან, ერთად სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის გახსნას დაესწრო, რომელიც წელს მეორედ გაიმართა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, განაცხადა, ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა და წელს მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია.
„ძალიან მახარებს ფესტივალის მასშტაბურობა. წელს მონაწილეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასიხარულოა, როცა კონსერვატორიის დიდ დარბაზში ამდენ ნიჭიერ ბავშვს და ახალგაზრდას ვხედავ, შეყვარებულებს ქართულ ფოლკლორზე. მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართული ხალხური სიმღერის, საგალობლების პოპულარიზაციასა და ჩვენი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ დედაქალაქის საკრებულო და მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს საქმეს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი აზერბაიჯანულმა და სომხურმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა გამოთქვეს.
ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო გუნდი, სოლისტი, ლოტბარი, დუეტი, აღდგენილი სიმღერა, საუკეთესო ტრიო, ავთენტურობის ნიშნით გამორჩეული გუნდი, მგალობელთა გუნდი და ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი ანსამბლი.
ფესტივალი თბილისის მერიის დაფინანსებით, დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება.
თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი მიზნად ისახავს არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას, გააქტიურებას და მოტივაციას. თბილისის ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები მაია მიქაბერიძე და დავით ცინცაძე არიან.
ფესტივალის მონაწილეების წლევანდელ დაჯილდოებას, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი უძღვებოდა, დედაქალაქის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
0
0