12/12/2022
13:10
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება "სიფხიზლეს არ კარგავს" თბილისთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმ ინფორმაციის ფონზე, რომ ემისრები, მათ შორის პოლონეთიდან, ცდილობდნენ საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ, „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ალექსანდრე ანქვაბმა განუცხადა.
„ჩვენ არასოდეს ვკარგავთ სიფხიზლეს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით დღეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი ინფორმაცია იყო, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით პოლონეთიდან, მოდიოდნენ ემისრები და შთააგონებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ჯერ არ ხდება“ - განაცხადა ანქვაბმა კითხვაზე, არის თუ არა ახლა თბილისთან ურთიერთობის ესკალაციის წინაპირობები.
ანქვაბმა აღნიშნა, რომ ვითარება რეგიონში „ყოველთვის დაძაბულია“. ამავე დროს, მან გამოთქვა რწმენა, რომ თბილისში არის „ბევრი გონიერი ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს ესკალაციას“.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესებს, რომლებიც იქ მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოებების გამო და არ არსებობს ისეთი ქმედებები, რომლებიც ჩვენ შეგვაწუხებდა“ - აღნიშნა მან.
ანქვაბმა საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს „მნიშვნელოვანი ფაქტორი“ უწოდა.
„ჩვენ შთაგონებული ვართ იმით, რომ ამ და გასულ წლებში საქართველოს რუსეთიდან უამრავი ტურისტი ეწვია. ეს, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია. მე არ ვსაუბრობ მათზე, ვინც სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა იქ დამალვა, მე ვსაუბრობ ტურისტებზე, რომლებიც მიზანმიმართულად მიდიან დასასვენებლად საქართველოში“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი უახლოეს მომავალში გახდეს, ანქვაბმა უპასუხა:
„ამაზე ყოველთვის იყო საუბარი. 2008 წელს მოხდა რესპუბლიკის აღიარება და ჩვენ ამას ვაფასებთ. რუსეთის ფედერაციისთვის ეს არის შეუქცევადი გადაწყვეტილება. აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, რომლის ხალხმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და სურს იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს ჩვენ გამოგვდის. ჩვენ გვინდა ვიყოთ უკეთესები და რუსეთი ამაში გვეხმარება და გააგრძელებს დახმარებას“.
ანქვაბმა კომენტარი გააკეთა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის გეგმებზე და დასძინა, რომ „ტრანზიტი საინტერესო თემაა“.
„ჩვენი ოცნება - 2024 წლის ბოლოა. თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, მაშინ ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენები არ არის, ვნახოთ, რა მოხდება. რა თქმა უნდა, ტრანზიტი უდავოდ საინტერესო თემაა. თუ ეს მომგებიანია ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ეს ტრანზიტი, მაშინ ჩვენ უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ ამ საკითხზე“ - განაცხადა მან.
ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური კანონმდებლობა ენერგეტიკით დაინტერესებულ რუს ინვესტორებს არ აწყობთ.
„რუსი ინვესტორი რომ მოვიდეს, მისთვის გასაგები უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს ენერგეტიკის სექტორში. ჯერჯერობით, ეს კანონმდებლობა არ აწყობს რუს ინვესტორებს და ვმუშაობთ მის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა მან.
0
0