28/11/2024
12:04
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 9 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა.
ლაშა ფარულავა 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილეობდა, მის მიმართ ისევე, როგორც დანარჩენი პირების მიმართ საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
როგორც გამოძევების შემდეგ ფარულავამ განმარტა, მოსამართლემ ის მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დააჯარიმა.
„ზვიად ცეკვავა მოსამართლეა, მაგრამ სამართალს არ ემსახურება, ეს ადამიანი ივანიშვილს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება. სხდომაზე ზვიად ცეკვავას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ „არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ სპეცოპერაციას“ - განვაცხადე. სწორედ ეს მოსამართლე იღებდა საარჩევნო დარღვევებზე გადაწყვეტილებებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" და "ქართული ოცნების" ცესკო-ს, ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ეს სიმართლე ვუთხარი პირში და ამის გამო გამაძევა", - განაცხადა ფარულავამ.
ამ წუთებში, სასამართლოში 10 ნოემბერს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვის ეპიზოდში მონაწილე 9 პირის მიმართ საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.
0
0