30/09/2024
12:47
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს ექსპერტიზა ჩაუტარეს.
სასამართლოში სავარაუდოდ, ჩვენებას მისცემს ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე.
დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს.
სასამართლო სხდომას არცერთი ბრალდებული არ ესწრება.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.
ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.
0
0