09/12/2022
15:53
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
ამავე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
0
0
როგორი ამინდი იქნება კვირას საქართველოში
17/11/2024