31/05/2024
08:29
ეკონომიკა
თბილისი-ურუმჩი - წუხელ შესრულდა პირველი პირდაპირი ავიარეისი ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. თვითმფრინავმა ჩინეთში ის მგზავრები ჩაიყვანა, რომლებმაც საზღვარი ვიზის გარეშე პირველად გადალახეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა.
ჩინეთის ელჩის განცხადებით, უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ, რომელიც ძალაში შევიდა, აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ აღნიშნული შეთანხმება ორივე მხარის ძალისხმევით განხორციელდა.
"შეთანხმებამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე. გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესება ჩინეთის მოქალაქეებისთვის. შემდეგ გადავწყვიტეთ საპასუხოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ძალისხმევით განვახორციელეთ ეს შეთანხმება", – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ამასთან, როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაიზრდება ურთიერთობები, ასევე ეს მეტ შესაძლებლობებს მოიტანს ბიზნესმენებისთვის. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
0
0