04/10/2024
10:16
საზოგადოება
4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ,
თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 2 მონაკვეთზე, რომელიც ჯამში, 31 კმ-ია, ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლით გზას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
ახალი გზა გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გადაადგილების უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.
თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ. საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024