19/08/2024
10:53
ეკონომიკა
თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის დასრულებითი სამუშაოების პროექტირებას შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალი განახორციელებს. კომპანია ერთადერთი იყო, ვინც აღნიშნული გზის მონაკვეთის პროექტირებით დაინტერესდა და ტენდერში გაიმარჯვა კიდეც. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტის სავარაუდო ღირებულებად 5.45 მლნ ლარი ჰქონდა დასახელებული, პრეტენდენტმა კი სამუშაოების შესრულების ღირებულებად 3.165 მილიონი ლარი (საწყისზე 2.285 მლნ ლარით ნაკლები) დაასახელა.
შესყიდვის პირობების თანახმად, „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალმა ანალიზისა და მულტიფუნქციური შედარების საფუძველზე უნდა მოამზადოს ცემენტი ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.
რაც შეეხება კომპანიას, შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წელს. მისი დირექტორი გერმანიის მოქალაქე კარსტენ გრიზეა. კომპანიის წილების 100%-ს შპს „კოკს კონსალტი“ განკარგავს. აღსანიშნავია ისიც, რომ „კოკს კონსალტი“ გერმანიაში დაფუძნებული კომპანიაა და 70-ზე მეტ წელს ითვლის. კომპანიას ფილიალები ასამდე ქვეყანაში აქვს.
შეგახსენებთ, თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს. მოცემულ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი 3.3 კმ-იანი გზის პროექტირებაზე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024