13/05/2024
10:28
სამართალი
თავისუფლების მოედნისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიები სპეცდანიშნულების რაზმებმა, პოლიციელებმა და წყლის ჭავლის მანქანებმა დატოვეს.
პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც.
მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.
სამართალდამცავების ტერიტორიიდან გაყვანას ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: „მონებო“, „წადით“.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების ნაწილი ადგილზე რჩება. იურიდიული კომიტეტის სხდომა უკვე დასრულებულია, ის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ამჟამად დეპუტატები პარლამენტის შენობას უკვე ტოვებენ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კომიტეტის სხდომის დამსწრე დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ ჰქონდათ და მათ პროექტს მხარი დაუჭირეს.
0
0