09/11/2024
17:46
პოლიტიკა
ჩვენ, როგორც კი, გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა ინსტიტუცია გათავისუფლდება და ის ქართველი მოსამართლეები, რომლებიც არ ეგუებიან კლანს, შეძლებენ, სრულად აიღონ სასამართლო ხელისუფლება და შესაბამისად, ისინი დომინირებდნენ და არა კლანი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც თბილისში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობს.
მისი თქმით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შექმნილი პრეცედენტი ადასტურებს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არიან პატიოსანი, კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას და ხალხს.
„მოსამართლე ხუჭუამ აჩვენა მაგალითი, თუ რას ნიშნავს, როცა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს მისი სინდისიდან გამომდინარე და არა იმ გადაწყვეტილებებს, რაც მერე მიიღეს გვრიტიშვილმა და მისმა კოლეგიამ, რომელიც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ინსტრუქციებით. ამიტომ, ხუჭუას მიერ შექმნილი პრეცედენტი ადასტურებს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არიან პატიოსანი, კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ უღალატებენ ჩვენს ქვეყანას, არ უღალატებენ ქართველ ხალხს. დღეს ისინი კლანის გამო ჩრდილში არიან გადაყვანილი. მათ არ აქვთ საშუალება, რომ განსაზღვრონ ჩვენი ქვეყნის სამართალი, მაგრამ ეს თითოეული გამონათება ძალიან ბევრს ნიშნავს. ხუჭუამ პირდაპირ უთხრა ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლე, რომ თითოეული მოქალაქის მთავარი კონსტიტუციური უფლება – მისი ხმის ფარულობის დაცვა იყო ჩამორთმეული ამ არჩევნებზე. „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობდა სრული მონიტორინგი ხმის მიცემის პროცესის კამერების გამოყენებით და ამავდროულად, ბიულეტენები იყო გამჭვირვალე. საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება იყო უხეშად დარღვეული.
ცხადია, მოსამართლეები ამაში იღებენ ანაზღაურებას ბიძინა ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, რომ თქვან თეთრზე შავი. ამაში იღებენ ანაზღაურებას, რომელიც არ არის ლეგალური და არის შავი ფული. ამ შავი ფულის გამო, დღეს კლანი ახერხებს, რომ აკონტროლოს ქართული სასამართლო და ეს უნდა დასრულდეს. როგორც კი, ჩვენ გვექნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა ინსტიტუცია გათავისუფლდება, ის ქართველი მოსამართლეები, რომლებიც არ ეგუებიან კლანს, ისინი შეძლებენ, სრულად აიღონ სასამართლო ხელისუფლება და შესაბამისად, ისინი დომინირებდნენ და არა კლანი. სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს სასამართლო სისტემა, ის სახელმწიფო არ არის და ეს იყო „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ამოცანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
0
0