15/04/2022
12:03
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ისინი 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მიიღებენ მონაწილეობას. პარასპორტსმენთა გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა გააცილეს. ჰააგაში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც ჩავა, რომელიც „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ცერემონიალს დაესწრება და დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა გუნდს უგულშემატკივრებს.
ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები იკრიბებიან. თავდაცვის სამინისტროს გუნდი სპორტის სხვადასხვა სახეობაში - მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი - მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში.
„ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024