19/05/2022
11:07
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
საველე კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას, თავდაცვის მინისტრთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები. სწავლებაში ასევე მონაწილეობდა თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები „მი-24“ და „იროკეზის“ (UH1) ტიპის ვერტმფრენები.
„სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება.
წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები.
სწავლების ყველა ფაზაში ნატო-ს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.
0
0
ავარია იმერეთში - დაშავდა ერთი პირი
25/11/2024
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024