13/12/2022
13:56
სამხედრო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალი „თავდაცვის კოდექსის“ მიღების მნიშვნელობა შეაფასა და პლენარულ სხდომაზე იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, რასაც ახალი კოდექსი ითვალისწინებს.
„კოდექსი ცხრა კანონს და ხუთ კანონქვემდებარე დოკუმენტს აერთიანებს. მისი შემუშავებისას გათვალისწინებული იყო საერთაშორისო პრაქტიკა და განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ის სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება. დოკუმენტის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აშშ-ს ევროპის სარდლობის სპეციალურ იურისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი თავსებადია ნატო-ს სამართლებრივ მექანიზმებთან და მასში თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლებია განსაზღვრული“, - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
მისივე შეფასებით, კოდექსი ხელს შეუწყობს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის დახვეწას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საბინაო პოლიტიკის მოწესრიგებას და მასში ახლებურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისთვის დაწესებული საკომპენსაციო თანხების ოდენობა. ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხმარებიდან ამოდის სიტყვა - სავალდებულო, რაც კოდექსის სულისკვეთებას უსვამს ხაზს.
„შემუშავებული პროექტით მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და ინოვაციურია ასევე სამხედრო სამსახურის გავლის ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 6-8-11 თვიან სამსახურს. უნიკალური შანსი მიეცემათ სტუდენტებს, რომ აკადემიურ ხარისხთან ერთად მიიღონ სამხედრო წოდება - „რიგითი“, „სერჟანტი“ ან „ლეიტენანტი“. წვევამდელთა სამსახური ბმაში იქნება რეზერვის სისტემასთან. შედეგად კი 10 წლის პერსპექტივაში საქართველოს ეყოლება 100 000-მდე ბრძოლის უნარიანი და მომზადებული რეზერვისტი.
კოდექსით განისაზღვრება მოხალისეთა სტატუსი და მათი მოვალეობა. შეიქმნება რეკრუტების ცენტრები საქართველოს მასშტაბით. თავდაცვის სამინისტრო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას რეკრუტირებაზე და მობილიზაციაზე. ასევე განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება. ეს არის ისტორიული მომენტი და ახალი კოდექსი საქართველოს ძლიერი თავდაცვის განვითარების ქვაკუთხედია“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
0
0