11/06/2024
14:51
მედიცინა
უკვე დიდი ხანია, ტატუების ყველაზე მძიმე გვერდით ეფექტად სინანული ითვლება. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, სანერვიულო ამაზე ბევრად უარესი რამ შეიძლება იყოს.
ტატუები ახლა იდენტობის გამოხატვისა და რაღაც ცხოვრებისეული ეტაპის აღნიშვნის მთავარ საშუალებად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა რამ ვიცით ჯანმრთელობაზე მათი გრძელვადიანი ეფექტების შესახებ. ბოლო ათი წელია, ევროპაში ყურადღება მიიქცია ტატუს მელანში შემავალმა სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებებმა. პარალელურად, კვლევები აჩვენებს, რომ კანში შეყვანილი მელანი მხოლოდ იქ არ რჩება.
ტატუს მელანს სხეული რაღაც ისეთ უცხოდ აღიქვამს, რომლის მოშორებაც საჭიროა; შედეგად, ხდება იმუნური რეაქცია, რაც განაპირობებს მელნის დიდი ნაწილის ლიმფურ კვანძებში მოხვედრას. თუმცა, უცნობი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ლიმფურ სისტემაში დალექილი ტატუს მელანი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კრისტელ ნილსენმა და მისმა კოლეგებმა ვრცელი კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, ზრდიდა თუ არა ტატუს ქონა ავთვისებიანი ლიმფომის რისკს — კიბოს იშვიათი ფორმის, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.
შვედეთში ტატუების რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია; ტატუ იქ ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ამ ქვეყანას ასევე აქვს მოსახლეობის რეესტრის წარმოების დიდი ხნის ტრადიცია, მაგალითად, კიბოს ეროვნულ რეესტრში შეტანილია კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი.
კვლევა მოიცავდა შვედეთში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც 2007-2017 წლებში, 20-60 წლის ასაკში დაუსვეს ლიმფომის დიაგნოზი. ლიმფომის მქონე თითოეული ადამიანისთვის, საკონტროლო ჯგუფად, შედარებებისთვის შეარჩიეს ლიმფომის არმქონე სამ-სამი იმავე სქესისა და ასაკის ადამიანი.
მონაწილეებს შეავსებინეს კითხვარი ცხოვრების სტილის რამდენიმე ფაქტორის შესახებ. ტატუს მქონეებს ასევე კითხეს ტატუს ზომის, პირველი ტატუს გაკეთების ასაკისა და ტატუს ფერის შესახებ. კვლევაში ჯამში 5591-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (1398 ლიმფომის პაციენტი და 4139 საკონტროლო ჯგუფის წევრი).
მას შემდეგ, რაც გაითვალისწინეს მწეველის სტატუსი და განათლების დონეც (ორივე მათგანი წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ტატუს გაკეთებასთან და ლიმფომის გაჩენასთან), დადგინდა, რომ ტატუირებულ ადამიანებს 21 პროცენტით მაღალი ჰქონდათ ლიმფომის რისკი, ვიდრე ტატუს არმქონეებს.
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ლიმფომა ძლიერ იშვიათი დაავადებაა და რისკის ზრდა დაკავშირებულია ძალიან დაბალ საბაზისო რისკთან. შვედეთის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, 2022 წელს, შვედეთში ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს 20-დან 60 წლამდე ასაკის 100 000 ადამიანიდან 22-ს.
აღმოჩნდა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ტატუს ზომას. მნიშვნელოვანი იყო დრო — რამდენი ხანია, რაც მონაწილეებს ტატუები ჰქონდათ. რისკი უფრო მაღალი ჩანდა ახალი ტატუების (ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკეთებული) და ძველი ტატუების (ათ წელზე დიდი ხნის წინ გაკეთებული) შემთხვევაში.
ტატუირების რაიმე სახის რეკომენდაცია მხოლოდ ერთ კვლევაზე დაყრდნობით, უმართებულოა. ამისათვის საჭიროა უფრო მეტი კვლევა. თუმცა, კვლევა გვეუბნება იმას, რომ მნიშვნელოვანია, ტატუს მქონეებმა იცოდნენ, რომ ტატუებს შეიძლება ჯანმრთელობაზე ჰქონდეს ეფექტები და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, თუ ტატუსთან დაკავშირებული რაიმე სიმპტომები შენიშნეს.
როგორც ჩანს, ტატუების ტრენდი არსად გაქრება. შესაბამისად, უბრალოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ ტატუირება შესაძლებელია რაც შეიძლება უსაფრთხოდ.
აშკარაა, რომ უფრო სიღრმისეულადაა შესასწავლი ტატუების გავლენა ჯანმრთელობაზე. მკვლევართა ჯგუფი ამჟამად მუშაობს ორ პარალელურ კვლევაზე, რომელშიც კანის კიბოს ორ ტიპს სწავლობენ.
კვლევა eClinicalMedicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
0
0