23/10/2024
15:53
სამართალი
ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს, დავით მაჭარაშვილსა და ჯემალ ფირანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
მისი განმარტებით, მოწმეები ადგილზე არსებულ დაპირისპირებაში რამდენიმე პირის არსებობას უთითებენ.
„მოწმეები უთითებენ, რომ არ იცოდით ბალარჯიშვილს სად მიყვებოდით, მაგრამ ფაქტს შეესწარით და თქვენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, „შარში გაეხვიეთ“. „ლენდროვერის“ მანქანიდან ანაწმენდები და სუნის ნიმუშებია ამოღებული, ამით მარტივად დადგინდება ვინ იმყოფებოდა იქ. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, იქ კამერებიც არსებობს, რითაც დადგინდება, ვინ მივიდა იქ და ვინ მონაწილეობდა. თქვენს მიმართ აღკვეთის ღონისძიება რომ გამოვიყენო, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია საკმარისია.
რა ინფორმაციასაც თქვენ გვაწვდით, არადამაჯერებელი, მწირია. თქვენ საერთოდ უარყოფთ ყოველგვარ შემხებლობას, რაღაც ფაქტს რომ გვაწვდიდეთ, კიდევ შევაფასებდი, მაგრამ საერთოდ არაფერს გვაწვდით, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს.
ქმედება მოხდა 20 სექტემბერს, დაკავებული ხართ მეორე დღეს, შუადღის საათებში, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი დრო გქონდათ მომხდარის შეტყობინებისთვის. ვიდრე გამოძიება დასრულდება, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნები იქნება, ვიდრე ვიდეომტკიცებულებებს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს“,- განაცხადა მოსამართლე ხუსკივაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა - „მოწმეები ვართ ჩვენ და რა ზემოქმედებას მოვახდენთ?!“, რაზეც მოსამართლემ განუმარტა, „მოწმეები თუ ხართ, [სასამართლოს] შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ“.
პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი - ყველა მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
დაკავებული პირებიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 37 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ბალარჯიშვილი მკვლელობის ბრალდებით, მისი თანმხლები პირები კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევის დღეს ჩხუბში მონაწილე მხარეები ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდნენ.
პროკურატურა დამნაშავე პირთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.
იოსებ ბალარჯიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს - დავით მაჭარაშვილს, ჯემალ ფირანიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024