20/09/2021
13:53
COVID-19
4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, სწავლა გაგრძელდება საკლასო გარემოში, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.
„გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე წარიმართება. ამასთან, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
0
0