31/10/2021
15:21
საზოგადოება
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს, ასევე, არის წმინდა მოციქულ ლუკა მახარებლის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.
დღეს წმინდა ეკლესიის მიერ წარმოდგენილია იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მთესველის შესახებ. უფალი მოგვითხრობს, რომ გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. აქ ხაზგასმულია, რომ მისია ეს თესლი.
თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ მთესველში იგულისხმება თავად უფალი, თესლი - ეს არის სიტყვა ღვთისა და უფალს სურს, მისი სიტყვა დაითესოს ჩვენს გულში, ჩაინერგოს, აღმოცენდეს და ნაყოფი გამიღოს, რადგან ყოველი ჩვენგანის გული წარმოადგენს ერთგვარ ნიადაგს, ჩვენ, ყველას გვაქვს სხვადასხვანაირი ნიადაგი და უფალი ასეთ რამეს ბრძანებს, რადგან ამ საღმრთო თესლის გარეშე ჩვენი ნიადაგი, ისევე როგორც უბრალო ნიადაგი, ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს. უფალს სურს, რომ ჩვენ ეს ნაყოფი გამოვიღოთ და მოგვითხრობს ასეთ იგავს.
შემდეგ უფალი განაგრძობს, რომ როცა მთესველი თესავდა, ზოგიერთი მარცვალი დავარდა გზის პირას, გაითელა და ფრინველებმა აკენკეს. სხვა დავარდა კლდიან, ქვიან ნიადაგზე, აღმოცენდა და გახმა, რადგან არ ჰქონდა სინოტივე. სხვა თესლი დავარდა ეკალ-ბარდში და იქაც გაჩანაგდა ამ ეკლების გამო, ეკლებმა მოაშთო იგი; ხოლო სხვა დავარდა კარგ მიწაზე, კეთილ ნიადაგზე და გამოიღო ნაყოფი ასმაგი.
აი, ასეთი იგავია დღეს წარმოდგენილი. ეს ერთ-ერთი იშვიათი იგავთაგანია, რომელსაც უფალი იესო ქრისტე თავად განმარტავს. იგი დაწვრილებით საუბრობს, თუ რა არის ეს თესლი - „სიტყვა ღვთისა“, რომელი ნიადაგია „გზასა ზედა“, რომელი ნიადაგია „კლდოვანი“, რომელია „ეკალ-ბარდში ჩავარდნილი თესლი“ და რომელია „კეთილი ნიადაგი“. აი, ამ ყველაფერზე საუბრობს შემდგომ უფალი.
რატომ? რატომ ამახვილებს იგი ამაზე ყურადღებას, განსხვავებით სხვა იგავებისგან?
მიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ეს არის მისთვის ყველაზე მთავარი რამ, სწორედ ამისთვის მოვიდა უფალი იესო ქრისტე ამ დედამიწაზე, რომ სიტყვა ღვთისა დაითესოს, აღმოცენდეს და გამოიღოს ნაყოფი ჩვენს გულში. ეს მისთვის ყველაზე მთავარია. ამიტომ განმარტავს იგი ამას შემდეგ დაწვრილებით.
ამ იგავის შემდეგ უფალი, ასევე, ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ „დაუკვირდით, როგორ ისმენთ ღვთის სიტყვას“, - ანუ მიაქციეთ ყურადღება, როგორ ისმენთ თქვენ ღვთის სიტყვასო. რატომ ამბობს ამას? ეს სიტყვებიც არ არის ამაოდ თქმული. რასაც უფალი ამბობს, ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვისმენთ ღვთის სიტყვას და გვგონია, რომ გავიგეთ, მაგრამ გავიგეთ ყურებით, მოვისმინეთ, შეიძლება გონებით, ჩვენი ტვინით, მეხსიერებით დავიმახსოვრეთ, მაგრამ ისმის კითხვა: - შემოვიდა კი ის ჩვენს გულში?! გამოიღო კი ნაყოფი ჩვენს გულში?! შეეხო ეს სიტყვა ღვთისა ჩვენს გულს?! და რამდენია ასეთი გამონათქვამი, იგავი თუ სწავლება უფლისა, რომელიც ჩვენს გულს შეეხო, ჩვენი ცხოვრება შეცვალა?! განა ბევრია?! სამწუხაროდ, არ არის ბევრი.
ასევე, ვფიქრობთ იმაზე, რომ მოვა ჟამი თუ დღე, როდესაც ჩვენ ეს მოგვეკითხება. ხომ არ იქნება ეს მამხილებელი ჩვენთვის? ეს განკითხვის დღე იქნება თუ ჩვენი გარდაცვალების დღე, როდის დადგება ეს ჟამი, არ ვიცით, მაგრამ ხომ არ მოგვეკითხება და ხომ არ გვამხელს ჩვენ იმის გამო, რომ ვისმენდით, გავიგეთ კიდეც, მაგრამ ჩვენს გულში არ შემოვიდა ეს სიტყვა ღვთისა და ჩვენ ამით არ ვცხოვრობდით?! აი, ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი იგავი.
ჩვენი გულის ნიადაგიც რომ შევადაროთ ახლა, რამდენჯერ ყოფილა, რომ ეკლესიაში მოგვისმენია ღვთის სიტყვა ან სახლში წაგვიკითხავს, თითქოს გულისხმავყავით, დავინტერესდით, მაგრამ როგორც კი გავედი ტაძრიდან, დაგვვიწყებია ჩვენ ეს. ან წაგვიკითხავს სახლში და სულ ცოტა ხანში აღარ გვახსოვს, რადგან, როგორც ამბობს უფალი, არ იყო ნიადაგი კეთილი და მალევე მოგვტაცა, როგორც თავად უფალი განმარტავს, ეშმაკმა და ჩვენივე უყურადღებობამ. აი, ასეთ ადამიანს სახლში რომ ჰკითხონ, დღეს რა მოისმინე ეკლესიაში, რა იქადაგა მოძღვარმაო, შეიძლება ვერც გაიხსენოს, რომ მთესველის იგავის შესახებ მოისმინა.
ან ისეც ხდება, რომ ზოგჯერ შეგვეხო ღვთის სიტყვა, თითქოს უფრო ღრმა გაიდგა ფესვი, მაგრამ მაინც, როგორც ამ იგავშია ნათქვამი, გაჩანაგდა ეკალ-ბარდის, ქვიანი ნიადაგის გამო, იმიტომ რომ არ იყო ღრმა ნადაგი. აქ ნათქვამია, რომ ქვიანი ნიადაგზე დავარდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის გული შეიძლება იყოს გაქვავებული, არ იყოს ღრმად დამუშავებული, არ იყოს მომზადებული. ასეთ ადამიანს შეიძლება ახსოვს, რომ, მაგალითად, მთესველზე წაიკითხეს იგავი სახარებიდან, მაგრამ რას ნიშნავს ეს იგავი, რა აზრი ჰქონდა ამ იგავს, - ეს აღარ ახსოვს, განსხვავებით პირველისგან.
არიან კიდევ ადამიანები, რომელთაც ნასწავლიც აქვთ, ახსოვთ კიდეც ან შეუძლიათ სხვას ასწავლონ და უქადაგონ, მაგრამ საკუთარ გულში მაინც არ აქვთ გათავისებული ღვთის სიტყვა. ეს არის მესამე ნიადაგი.
არსებობს კიდევ მეოთხე - კეთილი ნიადაგი, რომელზეც დღეს უფალი იესო ქრისტე საუბრობს. იგი ითვისებს ღვთის სიტყვას და გამოაქვს კეთილი ნაყოფი, მაგრამ კეთილ ნიადაგსაც, როგორც ეს მიწათმოქმედებაშია, სჭირდება დამუშავება. სად გინახავთ თავისთავად არსებული კეთილი, ნოყიერი და ნაყოფიერი ნიადაგი?! სწორედ, რაც უფრო ნოყიერი და კეთილია ნიადაგი, მით უფრო კარგად ხარობენ იქ სარეველებიც და ყოველგვარი მავნებლებიც. ამიტომ კეთილ ნიადაგსაც სჭირდება დამუშავება; ანუ ჩვენს გულს სჭირდება დამუშავება სინანულით, ლოცვით და როგორც მავნებლებთან ბრძოლაა საჭირო, ასევე საჭიროა ბრძოლა გულის სიტყვებთან, ბოროტ აზრებთან, ბოროტ ქმედებასთან, რათა ჩვენმა გულმა გამოიღოს ნაყოფი კეთილი და კეთილი მოსავალი.
რა არის ეს კეთილი ნაყოფი? ამაზე საუბრობს წმინდა პავლე მოციქული, რომ „ნაყოფი სულისა არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება“, მარხვა, მოთმინება და ა.შ. აი, ეს არის ნაყოფი კეთილი. აი, ეს უნდა აღმოცენდეს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენს გულებში იმისთვის, რომ გავხდეთ ნამდვილი ქრისტიანები და ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენით ხარობდეს მამა ჩვენი ზეციერი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.
0
0