29/10/2021
15:04
საზოგადოება
„სიმართლე გითხრათ, ახლახან ნაცებისგან ჩემკენ მომართული შლეგის ისეთი ცუნამის დიდებულებით დავტკბი, რომ ძალიან მეზარება, ახლა კიდევ მეორე მხარის ფსკერი გავააქტიურო, მაგრამ შეგნებული ხალხი ხომ ყველა მხარესაა, ვისაც გამოთქმულის ჯანსაღად გაგება შეუძლია, ხოდა ამაზე ყურადღების არგამახვილება უბრალოდ შეუძლებელია. თანაც ბარემ ჰალოვინის კვირაა და იბოგინოს ყველანაირმა დაბალმა ვიბრაციამ, არაუშავს.
მოკლედ, ღარიბაშვილს უთქვამს, თავის მოკვლის უფლება კანონით აქვს ყველასო. ზოგადად რა საფრთხის შემცველი განცხადებაა ეს, ცალკე განსახილველი საკითხია, ქვეყანაში, სადაც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ხშირად სერვისებზე ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ და რომ მაგალითად, ჯგუფურ თერაპიაში პროტოკოლით იკრძალება პაციენტის მიერ წამოწყებული სუიციდის თემის გააქტიურება, რომ ჯგუფის წევრების იდენტური ფიქრები არ გამოიკვებოს. თერაპევტმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეძლოს თემის ცვლილება…
მაგრამ მოდით, კონკრეტულ თემასთან დავრჩეთ: აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვისაც სააკაშვილის სამართლიანად გასამართლების მოლოდინი აქვს, მაგრამ უპირველესად მათ მინდა გაიაზრონ ეს, – სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, მისი არმყვარებლებისთვის უარესი ტრავმა იქნება, ვიდრე მისი მრევლისთვის. როცა ვიღაც შენ თვალწინ არათავისი სიკვდილით კვდება, ორი ვარიანტი გაქვს, ან მკვლელთან იდენტიფიცირდები ქვეცნობიერად, ან მსხვერპლთან. მისი მოყვარულები, ტრავმასთან ერთად, საჩუქრად “სამშობლოსთვის შეწირულ გმირს” მაინც მიიღებენ, ამაში მაინც დარჩებიან “მოგებული”, რომ ეგონებათ რაღაც დიადის ნაწილი არიან, მერე რა, რომ ეს მსხვერპლი დღეს ქვეყანას არაფერში გამოადგება, პირიქით, მაგრამ პუბლიკას უყვარს მსხვერპლი, რომელიც ადამიანური ნაკლოვანებებისგან თავისუფლდება და მაღლდება, შესაბამისად მისი ერთგული ხალხისთვის ეს განდიდება, რელიგიურ-კულტურულ-არქეტიპული თვალსაზრისითაც, ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე ტრავმის კომპენსაციად იმუშავებს. არმოყვარულები კი მორალური სრული კატასტროფის წინაშე დადგებიან. არმოყვარულებს არანაირი კომპენსაცია არ შერჩებათ, გარდა ქვეცნობიერი ბრალეულობის, მკვლელობაში თანამონაწილეობის განცდისა. მე არ მინდა ეს ტრავმა რომ მომაყენოს ვინმემ. არ დამიმსახურებია, იქით მქონდეს დანაშაულის გრძნობა. დარწმუნებული ვარ, არც არავის გინდათ.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, შეწყდეს ჩვენი ფსიქიკის ტრავმირება, ყველა გველაპარაკოს ადამიანურ ენაზე. მთავრობისგან ერთადერთი სიტყვები უნდა ისმოდეს: “გარანტიას გაძლევთ, არაფერი მოუვა, ჩატარდება სამართლიანი სასამართლო”. მთავრობამ არ უნდა კვებოს ჩვენი კოლექტიური “მკვლელი” ბუნება. სააკაშვილს კი ყველა მისმა მომხრემ, რომელსაც აზროვნების უნარი აქვს, ასევე უნდა სთხოვოს, შეწყვიტოს თავისი ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნა. ასეთი კარგი მცდელობაა ოპოზიციის ახალი დაჯგუფების მხრიდან, გველაპარაკებიან საქმეზე, გვეპრანჭებიან, გვიმღერიან, გვაიმედებენ… რომ არა ეს დრამა პარალელურ ხაზად, შანსი გაგვიჩნდებოდა, დაგვებრუნებინა ჯანსაღი ფსიქიკური ცხოვრება, რომელიც 30 წლის ტანჯვის შემდეგ მაინც ნამდვილად დავიმსახურეთ.
და ბოლოს, რეალიგიური ასპექტი, რომელიც ბოლოში კი არა, თავში უნდა იყოს – სუიციდის “ნებადართულობის”განცხადებას ეკლესიის პასუხი უნდა მოჰყვეს. დღეს ერი ისედაც ლატენტური თვითმკვლელია, გადატანილი უამრავი სტრესის გამო“.
0
0