19/10/2024
15:37
არჩევნები 2024
ასეთი ტიპის მწვავე განცხადებები სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არჩევნებამდე იქნება. მოლოდინი მაქვს, რომ ყველასგან იქნება, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ჰელსინკის კომისიის დასკვნას.
მეზვრიშვილის განმარტებით, „სტრატეგიული პარტნიორები მოქალაქეებს ახსენებენ, რომ თუკი „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირი და ნატო აუსრულებელ ოცნებად დარჩება“.
„ფაქტობრივად, არც ერთი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორი არ დარჩა, კონკრეტული ქვეყნების მთავრობები აკეთებენ მწვავე განცხადებებს. გერმანიის, საფრანგეთის, ევროკავშირის წევრის სხვა ქვეყნების პოზიციები ვიცით, რაც კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ფოკუსი არჩევნებზე იქნება, დასავლეთი რეალურად, გამადიდებელი შუშით უყურებს ჩატარდება თუ არა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, როგორც ერთადერთი შანსი იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს, მოგვიწევს, საერთოდ დავივიწყოთ ოცნება ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამაზე საუბრობს ჰელსინკის კომისია, ამაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი და დასავლეთიდან სხვა პარტნიორები. ეს გზავნილები მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მკაფიოა, ჩვენ რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რადგან თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირს დავემშვიდობებით, არათუ საბოლოო წევრობას, არამედ, ნებისმიერ პროგრესს დავემშვიდობებით ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ, ამას მოქალაქეები კარგად აცნობიერებენ. ჩვენ უკვე სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ვიმყოფებით, ეს 26 ოქტომბრის შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება, ამისკენ მიგვანიშნებენ ჩვენი პარტნიორები, რომ უფრო მწვავედ იქნება მიდგომები, ყველანაირი ფინანსური დახმარება შეგვიჩერდება, ის დახმარება, რომელიც ჯანდაცვას, განათლებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოქალაქეებს ხმარდება, ეს არის ერთადერთი ფულია, რასაც „ოცნება“ ვერ იპარავს, დანარჩენი - ბიუჯეტის ფულს, იპარავენ“, - აცხადებს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ ახალი ანგარიში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია“.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024