01/12/2022
16:19
სამართალი
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმე – ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დასაშვებად ცნო და ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა დაადგინა.
სასამართლოს დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას. განმცხადებლები მთავრობას კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევასაც ედავებოდნენ, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე შინაარსობრივად მე-8 მუხლს ეხებოდა, შესაბამისად, მე-3 და მე-14 მუხლების განხილვის საჭიროება არ არსებობს.
სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა.
განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.
სტრასბურგი ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.
"[სტრასბურგის] სასამართლომ დაადგინა, რომ [საქართველოს] შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა საჭირო სამედიცინო პროცედურების ზუსტი სახის ინდიკატორს არ იძლევა". – წერია გადაწყვეტილებაში.
წყარო: tabula.ge
0
0