05/09/2024
14:41
სამართალი
სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევას განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იგი გაიტაცეს თბილისში 2017 წლის 29 მაისს, არასათანადოდ მოპყრობითა და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით, ან ჩუმი თანხმობით და რომ ამ მოვლენების გამოძიება არაეფექტური იყო.
ამასთან, მუხთარლი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს და მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება.
სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევას მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით.
თუმცა, ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სასამართლო „ადგენს, რომ საქართველოს მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი დარღვევა“.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
0
0