07/11/2024
16:17
სამართალი
ევროპულმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმეზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლედ მის ხელახალ განწესებაზე უარს შეეხებოდა, დისკრიმინაციის მუხლთან ერთობლიობაში გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დაადგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი მაია ბაქრაძის მოსამართლედ ხელახალ განწესებაზე, მიკერძოებული იყო და უმთავრესად სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული შეხედულებების დაფიქსირებასთან იყო დაკავშირებული.
„დღეს, 7 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმეზე დისკრიმინაციის მუხლთან ერთობლიობაში გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დაადგინა.
ევროპული სასამართლოს განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარი მაია ბაქრაძის მოსამართლედ ხელახალ განწესებაზე, მიკერძოებული იყო და უმთავრესად სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული შეხედულებების დაფიქსირებასთან იყო დაკავშირებული.
2015-2016 წლებში, 10-წლიანი სამოსამართლო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაია ბაქრაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ 2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა მოსამართლედ ხელახალი დანიშვნის მიზნით. ის ორგანიზაცია “მოსამართლეთა ერთობის” თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი იყო, რომელიც მოსამართლეების დამოუკიდებელ გაერთიანებას წარმოადგენდა და გამოირჩეოდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების მიმართ კრიტიკით. საბჭოს გადაწყვეტილებით, არცერთ შემთხვევაში, მაია ბაქრაძე ხელახალი ვადით მოსამართლედ არ დაინიშნა.
2020 წელს მაია ბაქრაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ის დავობდა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხვა კანდიდატებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა „მოსამართლეთა ერთობაში“ მისი როლისა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობის თაობაზე კრიტიკული შეხედულებების საფუძველზე, შემდეგ კი, ამავე მიზეზით თანამდებობაზე არ განაწესა.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება, იმსჯელონ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება ტრანსფორმირდეს მათ ვალდებულებაში, საჯაროდ ისაუბრონ კანონის უზენაესობისა და სამოსამართლო დამოუკიდებლობის დასაცავად, როდესაც ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს საფრთხე ემუქრებათ. მისი განმარტებით, მოსამართლეთა თავშეკავებულობის ვალდებულება არ გამორიცხავს მოსამართლეების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჯარო დებატებში მონაწილეობას.
ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გასაუბრებისას მომჩივნისთვის დასმული შეკითხვების უმეტესობა მიკერძოებული იყო, შეეხებოდა „მოსამართლეთა ერთობასა“ და ამ ორგანიზაციაში მომჩივნის როლს, ასევე, მის ხმამაღალ კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. “მოსამართლეთა ერთობასთან” დაკავშირებული კითხვების შინაარსისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კითხვები გასცდა განმცხადებლის კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმების მიზანს, გამოავლინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიკერძოება და წინასწარგანწყობა აპლიკანტის მიმართ, “მოსამართლეთა ერთობაში” მისი როლისა და ორგანიზაციის საქმიანობის გამო.
ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპლიკანტის გასაუბრების გარემოებები იმგვარი ხასიათის იყო, რომ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეეძლო გონივრული დასკვნის გამოტანა, რომ მომჩივნის მიერ, „მოსამართლეთა ერთობის“ ფარგლებში განხორციელებულმა საქმიანობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ის ფორმა და სახე, როგორც მომჩივანს „მოსამართლეთა ერთობის“ შესახებ დაესვა კითხვები, სასამართლოს შეხედულებით, იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ თუ არა გადამწყვეტი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კანდიდატის შეფასების პროცესში, სწორედ „მოსამართლეთა ერთობაში“ მისმა როლმა და ამ როლთან დაკავშირებულმა აქტივობებმა იქონია. ასეთი გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასამართლოებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოთ აპლიკანტის სარჩელისთვის მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მომჩივანი ეფექტურად და რეალურად იყო დაცული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიკერძოებული განწყობისგან ან დისკრიმინაციისგან. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი, მის მიმართ prima facie დისკრიმინაციის ფაქტზე დაობდა, ეროვნულ სასამართლოებს მტკიცების ტვირთი უნდა გადაეტანათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და მისთვის მოეთხოვათ, რომ გაექარწყლებინათ მიკერძოებულობის შესახებ არსებული ნებისმიერი აღქმა და მომჩივნის მიმართ მოპყრობაში არსებული ნებისმიერი განსხვავება, რამაც გავლენა იქონია მომჩივანზე მისი “მოსამართლეთა ერთობაში” საქმიანობის გამო, გამართლებული იყო და საბუთდებოდა სხვა, ობიექტური საფუძვლებით. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა ეს ვერ შეძლეს.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა მაია ბაქრაძის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების დარღვევა დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთობლიობაში. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სისტემურ პრობლემებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გავლენიანი ჯგუფის მიერ კრიტიკული აზრის მქონე მოსამართლეების დევნას. შესაბამისად, გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულებაში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობის კიდევ ერთი სამართლებრივი მტკიცებულება“,- ნათქვამია განცხადებაში.
0
0