03/11/2022
14:01
სამართალი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე დასაშვებად გამოაცხადა და დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პუნქტები. სასამართლო საქართველოს მთავრობას აკისრებს, რომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი გადაუხადოს.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებისა და მათი გამსაჩივრებლის წინააღმდეგ გამოყენების დროს მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა.
თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი დახურული სასამართლო პროცესის დროს დაირღვა. ხაზგასმულია, რომ დაირღვა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიც. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ დარღვევების დადგენა საკმარისია იმისთვის, რომ გამსაჩივრებლის ნებისმიერი მორალური ზარალი ანაზღაურდეს.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნახსენები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი შეეხება საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი:
"ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს".
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი:
"ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად".
0
0