14/06/2023
13:57
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი წვიმის გამო, რომელიც გაგრის რაიონს დაატყდა თავს, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. აფხაზური ტელეგრამის არხების ცნობით, წვიმამ სოფელ ანხანსტასთან (გრებეშოკი) რკინიგზის ლიანდაგები და საყრდენები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი სოხუმიდან მოსკოვის მიმართულებით სოფელ განთიადთან გაჩერდა; მარშრუტზე ელექტრომატარებელი „მერცხალი“ არ გასულა; გაუქმდა მატარებლების მოძრაობა სანკტ-პეტერბურგი-სოხუმი და ტუაფსე-გაგრა.
სააგენტო Apsnypress წერს, რომ გაგრაში ძლიერმა წვიმამ რესპუბლიკური მაგისტრალის მონაკვეთი, რამდენიმე სახლი და სასტუმრო დააზიანა.
„14 ივნისს დილის 5 საათზე გაგრაში ძლიერი წვიმა მოვიდა. დაზარალდნენ ოჯახები და მინი-სასტუმრო“, - განაცხადა გაგრის რაიონში საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსმა დავით ბგანბამ.
ღვარცოფის გამო რესპუბლიკური საავტომობილო გზის ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილია.
აღსანიშნავია, რომ „ლასტოჩკამ“ პირველი რეისი სოჭიდან გაგრაში 8 ივნისს შეასრულა.
0
0