15/01/2024
13:38
კონფლიქტები
რიწის ეროვნულ პარკში მდებარე სტალინის აგარაკი - ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა და ის კერძო პირებს არ გადაეცემა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბესლან კვიცინიამ განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.
კვიცინიას თქმით, ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც პიროვნება ამბობს, თითქოს სტალინის აგარაკი 850 ათას რუსულ რუბლად (9600 აშშ დოლარად) შეიძინა და მომდევნო 5 წელიწადში 850 მლნ რუბლის (9,6 მლნ აშშ დოლარის) მოგებას მიიღებს.
„ამ აგარაკის გარშემო ჭორები ადრეც ვრცელდებოდა. ჯერ კიდევ 2005 წელს გავრცელდა ცნობები, რომ აგარაკის შეძენას რუსი მეწარმე, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა გეგმავდა. მაშინ მისი ფასი 10 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. შემდეგ ამ ინფორმაციის უარყოფა მოხდა, მაგრამ დაიწყო საუბარი, თითქოს ობიექტი მოსკოვის მაშინდელმა მერმა იური ლუჟკოვმა შეიძინა“, - ამბობს კვიცინია.
კვიცინიამ მოუწოდა მოსახლეობას, რომ მიღებული ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში გადაამოწმოს.
ცნობისთვის, სტალინის აგარაკი რიწის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე 1947 წელს აშენდა. საბჭოთა დიქტატორმა ამ აგარაკზე ხუთჯერ დაისვენა. მისი გარდაცვალების შემდეგ აგარაკით საბჭოთა კავშირის ლიდერები, ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი სარგებლობდნენ.
0
0