28/08/2024
00:19
სამართალი
ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპირიტუალური კულტის ორი ლიდერი, საქართველოში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საერთაშორისო ძებნაში მყოფი რუმინელი ცოლ-ქმარი, სარფის გავლით, ქვეყანაში შემოსვლას 22 აგვისტოს ცდილობდა. მიჰაი და ადინა სტოიანებს საფრანგეთში პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული. "რუსთავი 2-მა" მოიპოვა სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ინტერპოლის ბაზაში დაცული მასალები.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ კრიმინალური ქსელი საფრანგეთში იოგას ცენტრის საფარქვეშ მუშაობდა. ქალების სექსუალური ექსპლუატაცია, გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუპატიურების არაერთი ეპიზოდი - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რისთვისაც ცოლ-ქმარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ.
კულტის დამფუძნებელი, გრეგორიან ბივოლარუ პარიზის გარეუბანში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მაშინ, პოლიციამ იოგას ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 26 ქალი იპოვა. თავად ცოლ-ქმარი ფრანგულ მართლმსაჯულებას გაექცა.
დაკავებულების ინტერესების დამცველი "კურიერთან" ადასტურებს, რომ საქმე ეხება სექსტრეფიკინგის ბრალდებას. ადვოკატი გვიყვება, რომ საფრანგეთის პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ახალგაზრდა ქალების მონურ პირობებში ყოფნას ედავება. საუბარია გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე. აპირებდა თუ არა სტოიანების წყვილი იოგას ცენტრის საფარქვეშ უკანონო საქმიანობას საქართველოში - ადვოკატი ამბობს, რომ ინტერპოლით ძებნილი ცოლ-ქმარი ქვეყანაში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. მათ საბანკო ანგარიშზე ნახევარი მილიონი ევრო აღმოაჩნდათ.
საქართველოში დაპატიმრებული მიჰაი და ადინა სტოიანები კულტის დამფუძნებელს, გრეგორიან ბივოლარუს საკუთარ მენტორად მოიხსენიებენ. ისინი ამ თემაზე ხშირად ვიდეო ბლოგებსაც წერდნენ და დაჯგუფების პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში ახდენდნენ.
სექსუალურ ძალადობებზე დაფუძნებული სექტის ლიდერებზე საფრანგეთის გარდა სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული ფინეთსა და რუმინეთშიც, მათ შორის ბავშვთა პროსტიტუციისა და გაუპატიურებების ბრალდებებით. მიჰაი და ადინა სტოიანებს საფრანგეთში უვადო პატიმრობა ემუქრებათ. საქართველოდან ცოლ-ქმრის ექსტრადიციის გადაწყვეტილებას ხელი, საბოლოოდ, იუსტიციის მინისტრმა უნდა მოაწეროს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024