10/10/2024
19:31
მსოფლიო
ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისმა ქვეყნის მასშტაბით, ქართული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია 12 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ოთხშაბათს დილით ქალაქ როიტლინგენში, შტუტგარტში, ჰამბურგსა და ბერლინში ჩატარდა. ოფიცრებმა შენობები და სათავსოები გაჩხრიკეს. ამოღებულია მტკიცებულებები. ქვეყნის მასშტაბით განლაგებული იყო 200 დანაყოფი, მათგან 150 როიტლინგენში. ოპერაციაში ასევე ჩართულები იყვნენ ულმის მთავარი საბაჟო განყოფილების მებაჟეები.
პოლიციის წარმომადგენლის ლუდვიგ ვალდინგერის თქმით ისინი იძიებენ "ტყუილ ბიზნესს", რომელიც მასშტაბურ ქურდობებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავეებს მოპარული საქონელი საქართველოში გადმოჰქონდათ. ქურდობაში კი რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მონაწილეობდა.
დაკავებული 12 ადამიანიდან მთავარი ბრალდებული 54 წლის ქართველია, რომელიც საქართველოს ფოსტის ოფიციალური ქვეკონტრაქტორია, შესაბამისად ის პასუხისმგებელია ამანათების გერმანიიდან საქართველოში გადაზიდვაზე. კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მას რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში სატვირთო მანქანით გადაჰქონდა მოპარული საქონელი. მათ შორის იყო მოპარული ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული ნივთები, ტანსაცმელი, ალკოჰოლი და კოსმეტიკა.
ბავარიაში გამოძიება 2022 წლის თებერვალში დეგგენდორფის კრიმინალურ პოლიციაში დაიწყო, მათ რამდენიმე ქართველი და ქართული წარმოშობის პირი გამოიძიეს, რომლებიც ჯგუფურ ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. პოლიციის ცნობით, გაჩნდა მინიშნება, რომ ქურდობა რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულის წევრების მიერ იყო კოორდინირებული, რის შემდეგაც გამოძიება, 2022 წლის ზაფხულში, მიუნხენის პასუხისმგებელ პროკურატურას გადაეცა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. მას შემდეგ გამოძიებას ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისი აწარმოებს.
0
0