26/05/2022
14:59
სამართალი
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა „ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 საათზე მიხეილ სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“.
სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0