12/06/2024
13:27
კონფლიქტები
სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის სწრაფი კვების ქსელის, „ვკუსკო ი ტოჩკა“-ს გენერალური დირექტორის, ოლეგ პაროევის სიტყვები გააკრიტიკეს. რამდენიმე დღის წინ პაროევმა განაცხადა, რომ „აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე არის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის“. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„რუსი ბიზნესმენის პოლიტიკური განცხადებები საერთაშორისო სამართლის სუბიექტის საერთაშორისო სტატუსთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია. აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აღიარა და „ვკუსნო ი ტოჩკა“ რუსეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირია. მან რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ძალზე არაკორექტული განცხადებები გააკეთა“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
სოხუმის უწყება მოუწოდებს პაროევს, რომ მან მომავალში აფხაზეთის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებებისგან თავი შეიკავოს“.
ცნობისთვის პაროევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ვკუსნო ი ტოჩკა“ აფხაზეთში არ გაიხსნება და რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე არის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და იქ მუშაობს სწრაფი კვების ქსელი McDonald's, რომელთანაც რუს ბიზნესმენს „კონფლიქტური სიტუაციის შექმნა არ სურს“.
2022 წლის მარტში McDonald's-მა რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა, მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების გამო. 2022 წლის ივნისიდან McDonald's-ის რესტორნების ადგილას სწრაფი კვების ქსელი „ვკუსნო ი ტოჩკა“ გაიხსნა.
0
0