29/03/2023
15:15
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის “ხელისუფლებამ” დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან “სამთავრობათაშორისო შეთანხმების” პროექტის დეტალური შესწავლა სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირების შესახებ.
დეფაქტო პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ გუშინ გაიმართა “საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტისა” და “ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის” ერთობლივი გაფართოებული სხდომა.
შეხვედრას აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია, “პარლამენტის თავმჯდომარე” ლაშა აშუბა, “მთავრობის წევრები” და “დეპუტატები” ესწრებოდნენ.
ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარემ ალხას ბარციცმა აღნიშნა, რომ წინასწარ ეტაპზე შეთანხმების პროექტზე ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს დოკუმენტის ხარისხს, რომელსაც ხელი მოეწერება "პარლამენტში" რატიფიცირებამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი „ასახავს მხარეთა სურვილს, შექმნან და შეინარჩუნონ ხელსაყრელი პირობები სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის, საქმიანობის განვითარებისა და ექსპლუატაციის საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად“.
დოკუმენტი „განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს და წერია, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მოქალაქეთა კეთილდღეობას“.
0
0