16/10/2024
17:31
მსოფლიო
ევროკავშირის სამიტის წინ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ სლოვაკური საინფორმაციო სააგენტო TASR იუწყება.
„უკრაინაში ომის მოკლე დროში დამთავრების ალბათობა ძალიან მაღალია“, - თქვა ფიცომ და აღნიშნა, რომ ის მოელის, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე დაასახელებენ, როდის მოხდება ეს, „რადგან მოულოდნელად უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დადგა”.
სლოვაკეთის პრემიერის აზრით, ეს მოწვევა არ იქნება „უფასო“.
ფიცომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობა უსურვა, თუმცა იკითხა, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა არსებულ პირობებში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც კონფლიქტის მოსაგვარებლად იქნება შემოთავაზებული.
მისივე თქმით, ჩინეთში მისი მომავალი ვიზიტის დღის წესრიგში სამშვიდობო მოლაპარაკებებიც იქნება.
ამასთან, ფიცომ განაცხადა, რომ ყოველთვის ცდილობდა რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობის დამყარებას. მისი აზრით, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსები არ დატოვებენ ყირიმს და სხვა ტერიტორიებს, როგორიცაა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. ფიცოს თქმით, რუსები სულ უფრო მეტ ტერიტორიას იპყრობენ და კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას აგრძელებს და აღნიშნა, რომ ყველაზე საჭირო მხარდაჭერა ელექტროენერგიის მიწოდებაა. ამასთან, ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთში ნავთობისა და გაზის იმპორტის საკითხში უკრაინისგან თანამშრომლობას ელოდება.
„უარს ვამბობ ნავთობის იმპორტზე ადრიატიკის ქვეყნიდან”, - აღნიშნა მან და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ტარიფები გაიზრდება, - „ჩვენი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ სლოვაკეთისა და უკრაინის გავლით ტრანზიტი გაგრძელდეს, იქნება ეს ნავთობი თუ გაზი“.
0
0