22/04/2024
00:37
სამართალი
სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმება თავდასხმა.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უწყება საქმის კურსშია, გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და მათი თქმით, ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
სუს-ში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღი იქნა აღმოჩენილი, ყალბია.
„შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. - აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსშია განათლების სამინისტროც: „ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას უწყების პრეს-სამსახურში.
სოციალურ ქსელებში ინფორმაცია, რომ 22 აპრილს თბილისის რამდენიმე სკოლაში „ტერორისტული თავდასხმა“ იგეგმება, 21 აპრილს, საღამოს გავრცელდა.
0
0